პრობლემები







თბილისის მხუთავი ჰაერი
თბილისში ჰაერის  დაბინძურების  ძირითადი  წყარო  მანქანების  გამონაბოლქვია.   ბრიტანულმა  კომპანია AEA Technology- მ 2003  წელს  ატმოსფერული  ჰაერის  ხარისხი გამოიკვლია.  კვლევამ აჩვენა, რომ ტრანსპორტისა  და  დახარჯული  საწვავის  რაოდენობა   2,5-ჯერ   გაიზარდა.   
ჩამოყვანილი მანქანების უმეტესობას ამოცლილი აქვს სპეციალური ფილტრი, იგივეკატალიზური გარდამქმნელი,რომელიც მავნე გამონაბოლქვს მინიმუმამდე ამცირებს.


პრობლემის გადასაჭრელად საწვავის ხარისხის კონტროლია საჭირო. 2012 წლიდან სახელმწიფომ საწვავის შემოწმების წესები გაამკაცრა (საქართველოს მთავრობის2011 წლის 1 დეკემბრის №444 და №449 დადგენილებები. ბენზინში ტყვიის შემცველობა ევროპული სტანდარტით დადგინდა - არა უმეტეს 0,005 /,გოგირდის მასური წილი 2-ჯერ შემცირდა და განისაზღვრა არაუმეტეს 250 მგ/კგ-ით. მიუხედავად ამისა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გოგირდის მასური წილი 25-30-ჯერ აღემატება ევროკავშირის სტანდარებით დადგენილ ნორმებს.საქართველოში დღეს პოპულარულია დიზელის საწვავზე მომუშავე მანქანები,შესაბამისად გოგირდის დიოქსიდი დიდი რაოდენობით გამოიფრქვევა.
საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაცვას უზრუნველყოფს საქართველოს კანონი ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ. კანონის მე-5 მუხლის მე-2 ქვეპუნქტში ვკითხულობთ, რომ ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისაგან დაცვის აუცილებელი პირობებია:
ა) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების დადგენა;
ბ) ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ორგანიზება;
 მავნე ნივთიერებების ზღვრულად დასაშვებ ნორმებს ყოველ 5 წელიწადში ერთხელ შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს გარემოსდაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით. 
საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე პრობლემის აქტუალობასა და მის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს:


გარემოს დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსი დავით ცოტაძე ამბობს, რომ  პრობლემის გადაჭრა სახელმწიფო და არასამათავრობო ინსტიტუციების თანამშრომლობით, ერთიანი სამოქმედო გეგმით შეიძლება.
ჰაერის დაბინძურების მაღალი ხარისხი მოქალაქეების ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ტოქსიკოლოგი ინგა ღვინერია ამბობს, რომ ბოლო დროს მოიმატა ალერგიულმა დაავადებებმა და სასუნთქი გზების პრობლემებმა, რაც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებით გამოწვეულ მიზეზადაც შეიძლება ჩაითვალოს. 
მავნე ნივთიერებების გავლენა ჯანმრთელობაზე
 ავტომობილი 15 000 კმ-ს გავლისას ატმოსფეროში გამოისვრის 3 ტონა ნახშირბადის დიოქსიდს, 93 კგ ნახშირწყალბადს და დაახლოებით 30 კგ აზოტს.
  ნახშირბადის ოქსიდი ქსოვილებში ჟანგბადოვან უკმარისობას იწვევს. ნახშირბადის ოქსიდი ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციის მოშლასაც იწვევს და ხელს უწყობს ათეროსკლეროზის განვითარებას.
 აზოტის ოქსიდები ასუსტებს ფილტვებს და სასუნთიქ გზების ანთებით პროცესებს იწვევს. გოგირდოვანი ბენზინის გამოყენებისას ჰაერში გოგირდმჟავა გამოიყოფა. ეთილირებული ბენზინის წვისას კი  ატმოსფეროში ტყვია, ბრომი, ქლორი და მათი ნაერთები იფრქვევა.
ტყვიის მცირე დოზების ხანგრძლივი ზემოქმედება აფერხებს ნერვულ-ფსიქიკურ და ფიზიკურ განვითარებას. ადამიანი უჩივის თავის ტკივილს, თავბრუხვევას, გადაღლას, ნერვულ აშლილობას, ძილის დარღვევას, მეხსიერების დაქვეითებას. ორგანიზმში ტყვიის სიჭარბე ჰემოგლობინის სინთეზის დარღვევას იწვევს, ხოლო ამ ნივთიერებით ხანგრძლივი ინტოქსიკაცია - ათეროსკლეროზს. საერთაშორისო ნორმებით დადგენილია, რომ ტყვიით ინტოქსიკაცია მოსწავლეთა აგრესიულობის და ცუდი აკადემიური მოსწრების მიზეზიც არის.
პუბლიცისტი კახა თოლორდავა ქალაქში ველოსიპედით მოძრაობს. შედარებით თავისუფალ დღეებში ფეხითაც ბევრს დადის.  ჟურნალ ლიბერალისთვის რამდენიმე ბლოგ-პოსტი აქვს დაწერილი ქალაქისა და აქ არსებული პრობლემების შესახებ:

დაბინძურებული, დაავადებული და გაჩეხილი თბილისი
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით ქალაქში სავალალო მდგომარეობაა. ჰაერის დაბინძურების მთავარ მიზეზად კი, ავტომობილებითა და სხვა სახის ტრანსპორტით გადატვირთული ქუჩები, მიმდინარე მშენებლობები და კატასტროფულად შემცირებული მწვანე საფარი სახელდება. ასეთი სისწრაფით უზარმაზარი და საღი ხეების გაჩეხვის პრეცედენტი დედაქალაქში არავის ახსოვს.

საქართველოში მოძრავი მანქანების უმრავლესობა თბილისშია თავმოყრილი. ქალაქში ხშირია საცობები, რომლის დროსაც ყველაზე დიდი რაოდენობით გაიფქვევა მავნე ნივთიერებები. მტკვრის ხეობაში მოქცეული დედაქალაქი ბუნებრივად ცუდად ნიავდება და განსაკუთრებით ზაფხულობით აქ სმოგი ხშირია.

მწვანეთა პარტიის ლიდერის გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით, თბილისში ჰაერი კიდევ უფრო დაბინძურდა ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების შეჩერების შემდეგ. ამასთან, არ მოწმდება საწვავის ხარისხიც. მეორადი მანქანების შემოყვანის აკრძალვაზე საუბარი კი ზედმეტია.

“მანქანის გამონაბოლქვი 200-მდე ტოქსიკურ ნივთიერებას შეიცავს, ესენია: ტყვია, უჯერი და ნაჯერი ნახშირწყალბადები, აზოტი, გოგირდი, ასევე ბენზოპირენი, რომელიც ტყვიაზე უარესია და კანცეროგენია. მართალია, ამ ნივთიერებას მანქანის გამონაბოლქვი ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავს, მაგრამ ის ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგის ცენტრი კი სრულყოფილად არ იკვლევს ჰაერის დაბინძურების ხარისხს, მაგალითად, არ ზომავენ ჰაერში ტოქსიკურ მინარევებს, ალბათ, აკრძალული აქვთ”, - ამბობს გაჩეჩილაძე.

სპეციალისტების გაანგარიშებით, დედაქალაქიდან ატმოსფეროში ყოველწლიურად დაახლოებით 276 500 ტონა მავნე ნივთიერება ხვდება, რომლის 83,3% ავტოტრანსპორტზე მოდის. ერთ მცხოვრებზე გაანგარიშებით, საქართველოში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დარგის სპეციალისტთა თქმით, თბილისში მტვრის საშუალო კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას 2,9-ჯერ აღემატება, აზოტის დიოქსიდი კი ნორმაზე 2,3-ჯერ მეტია. ცნობისთვის, 2000 წელს თბილისი ევროპაში ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად აღიარეს.  მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ თითქმის 12 წელი გავიდა, სიტუაცია ამ მიმართულებით არ გამოსწორებულა.

უფრო მეტიც, როგორც გარემოსდამცველები ამბობენ, თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობა ბოლო წლებში კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან დედაქალაქში უდიდესი სისწრაფით იჩეხება აბსოლუტურად საღი ხეები.

“როგორც ჩანს, თბილისში მწვანე ნარგავების საერთოდ განადგურებას აპირებენ. მათ ორმაგი მიზანი აქვთ. პირველი: ამაში ფული კეთდება. მრავალწლიან ხეებს ჭრიან და მათ მაგივრად ახალ ნერგებს რგავენ, რომელიც ქალაქის ბიუჯეტს ათმაგი ფასი უჯდება.  მეორე: მონოპოლისტ ფირმებს, რომლებიც სხვადასხვა მაღაზიებს ხსნიან და ქსელებს აფართოებენ, ეს ხეები ხელს უშლის თავიანთი ბიზნესინტერესების განხორციელებაში.

მაგალითად, ჭავჭავაძეზე პირწმინდად მოჭრეს ხეები, რადგან მაღაზიას აშენებენ. მრავალწლიანი ხეების მაგივრად კი გაურკვეველი ფუნქცია-დანიშნულების ნარგავები დარგეს”, - აცხადებს მწვანეთა პარტიის ლიდერი.

“გრინფისის” მხარდამჭერთა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ეკოლოგიის მაგისტრი ლაშა ჩხარტიშვილი კი ამბობს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, თბილისში განმწვანებული ტერიტორიები ევროპულ სტანდარტებზე ათჯერ ნაკლებია.

“საინტერესოა, რომ ხელისუფლების სხვადასხვა დაინტერესებული წარმომადგენლები ბოლო პერიოდში ხეების გაჩეხვის შედარებით ფარულ ტაქტიკას მიმართავენ. ისინი დღისით სამუშაოს ამზადებენ და საქმეს იიოლებენ, რომ ღამით ადვილად გაჩეხონ ხეები. ასე მოხდა “ვორონცოვზე” და ბარათაშვილის ქუჩაზეც, სადაც აბსოლუტურად საღი ცაცხვის ხეები გაიჩეხა”, - აცხადებს ეკოლოგიის მაგისტრი.

“იჩეხება აბსოლუტურად ყველა ტიპის გამწვანება. ბაღები და პარკები, ქუჩისპირა გამწვანება... ხეები კორუფციული ინტერესების გამო ან სახლების ასაშენებლად იჩეხება. გამწვანებული ტერიტორიების ადგილზე ადმინისტრაციული შენობები და პოლიციის შუშის შენობებს აგებენ.

დედამიწაზე გაუგია ვინმეს, რომ შეღებილი ფასადების თვალსაჩინოების გამო ვინმეს ხეები გაეჩეხოს?! რამდენად თავსებადი უხეო ქალაქი და ამასთან ერთად ევროპულ განვითარებასა და ქალაქის მშენებლობის ევროპულ სტილზე საუბარი?!

ახლახან მსოფლიოს ოთხას ქალაქს შორის თბილისი უსაფრთხოების თვალსაზრისით მე-200 ადგილზე გამოცხადდა. ერთ-ერთი კრიტერიუმი სწორედ ჰაერის დაბინძურება იყო, ამასთან კი ხეების ჩეხვა პირდაპირ კავშირშია”, - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.

ჰაერის დაბინძურება კი უამრავი დაავადების გამომწვევი მიზეზი ხდება. მაგალითად, მოსახლეობაში სასუნთქი გზებისა და ფილტვის დაავადების პროცენტული მაჩვენებლებით თბილისი მოწინავეა, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. ჰაერის დაბინძურებასთან ერთად, დაავადებულ ადამიანთა რაოდენობაც იზრდება.

დედაქალაქში ჰაერის დაბინძურებაზე საუბრობენ ქალაქის მკვიდრნიც. კონსალტინგური კომპანია “ეისითი”-ს კვლევის მიხედვით, ათიდან რვა თბილისელი (77%) თვლის, რომ თბილისში ეკოლოგიურად ცუდი ან ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ამასთან, საგულისხმოა, რომ რესპონდენტების უმრავლესობა (62%) ბოლო 10 წლის განმავლობაში ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას ამჩნევს.

რაც შეეხება მიზეზებს. ძირითად მიზეზად სახელდება ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები: გაუმართავი ავტომანქანების გამონაბოლქვი (70%), ცუდი ხარისხის საწვავი (57%) და გზების გადატვირთულობა (42%). მიზეზებს შორის ასევე დასახელდა ფაბრიკა-ქარხნების გამონაბოლქვი და ტყეების გაჩეხვა-განადგურების ფაქტები.





No comments:

Post a Comment